ემოციებისა და თავგადასავლების ზღვაში მოგზაურობისავითაა გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებების კითხვა - სულ პატარა წყლის წვეთს, ტკივილისა და განცვიფრების მოუსვენარ ტალღებში გიწევს ცურვა და ვერც კი იაზრებ, ისე სხლტები ერთი ისტორიისგან მეორისაკენ.
ყველაზე მშვიდი და ამავდროულად ყველაზე რთული ცურვაა გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებების კითხვა - თითქოს, სადააცაა უნდა დაიხრჩო, სულს ღაფავ და ცდილობ რაიმეს მოეჭიდო, თუმცა მალევე აღმოაჩენ, რომ სიყვარული ის მარადიული და გაუსაძლისი ტკივილია, რომელმაც უნდა გადაგარჩინოს შენც და ზღვის ის დანარჩენი წვეთებიც შენი არსებობით რომ იიმედებენ თავს.
გაუსაძლისია იმ იემოციებში ცურვა, რომელსაც გოდერძი ჩოხელი, სულ პაწაწინა მოთხრობებში ატევს და არ იცი ამის გააზრებისას გაგეღიმოს თუ ცრემლებით აივსო - არ იცი გადაურჩები თუ არა ამ ცურვას, არ იცი მიაღწევ თუარა ჰორიზონტის იმ საოცარ ხაზთან, მზით გაბრწყინებული რომ გეგებება ყოველ დილით.
ტკივილნარევი და თითქოს ყველაზე ტკბილი ცურვაა, ემოციებით სავსე ადამიანის ფიქრებში ჩაკარგვა და ალბათ ესაა ის პატარა წერტილი გოდერძი ჩოხელის შემოქმედებისა, რომელსაც ჩვენ, ყველანი გარს შემოვრტყმულვართ და ვერ ვშორდებით. ჰო, ყველაზე ტკბილია ეს ცურვა რადგან ამ ცოდვიანი ქვეყნის შვილებს მაინც გვტკივა რეალობა, მაინც გვიწევს მასზე ფიქრი და იმის გააზრება თუ რატომ ვარსებობთ ამ ზღვასავით ცვალებად სამყაროში.
ჩემი წარმოსახვის პატარა კუნჭულში დამალულ ზღვაში ვცურავ მუდამ, როცა ჩოხელის ნაწარმოებებს ვკითხულობ და აღარ დავეძებ, რა მომელის. ზუსტად ვიცი, ეს აბობოქრებული ზღვა ის ემოციაა, რომელსაც სიყვარულს ვუწოდებთ და მის ტალღებში განწირულები მუდამ დახმარებას ვეძიებთ. მნიშვნელობა არ აქვს ხელს იმედი, ერთგულება, ტკივილი თუ მარადიული ბედნიერება გამოგვიწვდის, რადგან ჩვენ ყველანი მზად ვართ ვიცუროთ მუდამ, ოღონდ ფსკერზე არ ჩავეშვათ და საკუთარ პიროვნებაზე გადაბიჯებით ჯოჯოხეთში არ მოვიწყოთ პატარა, უემოციობით კედელშემორღვეული ბინა.
ჯერ ვერ დავადგენთ, სად დაასრულებს ამ ემოციებით სავსე ცურვას ჩვენი პატარა წვეთი, თუმცა უნდა გავხსოვდეს - რაოდენ უსასრულოც არ უნდა იყოს, რაოდენ დიდ თავგანწირვასაც არ უნდა მოითხოვდეს და რაოდენ საოცარი ქცევისაც არ უნდა იყოს ჩვენი მოგზაურობა - უნდა ვცადოთ, რადგან „ სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!“
...
სიყვარული, გოდერძი ჩოხელის მიერ დახატული პატარა სამყარო რეალობის ამონაგლეჯისა, ყველაზე რთული და ყველაზე ტკბილი მოგზაურობა უნდა იყოს ჩვენთვის, ამ ქვეყნად რამდენიმე წამით მოსული ყველაზე გაურკვეველი არსებისთვის და უნდა ვეძიოთ ის ყველგან - რამდენადაც შორს შევცურავთ ზღვაში, იმდენად მეტ ემოციას მოიკრებს ჩვენი პატარა წვეთი და რა ვიცით, იქნებ ერთ დღეს თავად დაიტიოს ეს დიდი გრძნობა და თავად გახდეს ბედნიერების მომტანი თავგადასავლების ახალი მაძიებლებისათვის - იქნებ თავად შეწყვიტოს მოგზაურობა და თვალი გვადევნოს სხვებს ასე შორიდან - ლივლივებდეს მშვიდად და ოცნებობდეს იმ ნეტარ წამზე, რომელმაც აგრძნობინა, რომ იმიტომ ეხეთქება ამ დინებადაკარგულ ტალღებს მიხვდეს, თავადაა ბედნიერებაც, ტკივილიც და სიყვარულიც.
ყველაზე რთული და ამოუცნობი გრძნობაა საყვარული და ალაბთ ამიტომაც, ჩვენ უნდა შეგვეძლოს შევიკედლოთ ერთმანეთი ისე, როგორც წყლის პაწაწა წვეთი იერთებს მეორეს. უნდა გავხსოვდეს რომ, ჩვენი მოულოდნელობებით აღსავსე მოგზაურობის დასასრული იმ ბინასთან შეჩერდება სიყვარული რომ ჰქვია და საჩუქრად ემოციების ზღვა მოჰყვება თან.
0 comments:
Post a Comment